..


სსიპ ივ.ჯავახიშვილის სახელობის ქ.ფოთის №3 საჯარო სკოლის X2 კლასის მოსწავლეების
საკონკურსო ბლოგი თემაზე : „გაიცანით ჩვენი რეგიონი"

საზღვაო აკვატორია

საზღვაო აკვატორია

пятница, 8 ноября 2013 г.

ფლორა და ფაუნა

კოლხეთის დაბლობი, უპირველეს ყოვლისა ბოტანიკური თვალსაზრისით არის საინტერესო. აქ დღემდე შემორჩენილია ფლორისტული შედგენილობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით (ლაფანი, იმერული მუხა, პონტოური კანაფის მასივები, მწერიჭამია დროზერა, სამეფო გვიმრა) მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები – ჭაობების, რელიქტური კოლხური ტყეებისა და ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქვიშიანი დიუნების მცენარეული დაჯგუფებებით. შავი ზღვის პირა ზოლზე მხოლოდ აქ არის შემორჩენილი ულამაზესი მოთეთრო მოვერცხლისფროდ შებუსვილი სპარსული ხვართქლა. ნაბადას ტორფიანი უბანი გამოირჩევა ჯადვარების ბიომრავალფეროვნებით. ტორფის ხავსიან უბნებს უდიდესი გარემოს დაცვითი ღირებულება გააჩნია. როგორიცაა, გლობალური და რეგიონული კლიმატის რეგულაცია, წყალშემაკავებელი და წყალმარეგულირებელი ფუნქციები. კოლხეთში სამკურნალო მცენარეების გამოყენებას მოსახლეობაში უძველესი ისტორია აქვს. კვლავ მითი არგონავტებზე, გრძნეული ქალი მედეა. "მედეა წამალს პრომეთეს(ამირანი) სისხლით ნაპოხ მიწაზე აღმოცენებული ყვავილებისაგან ამზადებდა"-ო ასეა ნათხრობი მითში. დღესაც გამოიყენება სამკურნალოდ ისეთი მცენარეები როგორიცაა: კოთხოჯი, ზამბახი, ლაფანი, მოცვი, წყლის სამყურა, პიტნა,მატიტელა, ჩიტისთვალა და სხვა. ასევე ცნობილია სამკურნალო ცხოველების გამოყენება როგორიცაა სამედიცინი წურბელა. მცენარეებს მოსახლეობა ტრადიციულად ბუნებრივი საღებავების დასამზადებლად იყენებდა:მაგ. ზამბახს, ლაფანს და სხვა.
დეკორატიული მცენარეებიდან გავრცელებულია ცხენისკბილა, ზამბახი, ყვითელი და თეთრი დუმფარა. ტყეში ველურად იზრდება ლეღვი, თეთრი და შავი თუთა, ჟოლო და მაყვალი. ეკალასადა სხვა ბალახეულებს მოსახლეობა იყენებს მხალეული კერძების დასამზადებლად. დეგრადირებული მეორადი ცენუზები საქონლის საძოვრებს წარმოადგენენ. მოსახლეობა სასილოსედ იყენებს სიმინდს, ლელს, ისლს. სასოფლო-სამეურნეო მონოკულტურებს მარცვლოვანი- სიმინდი და პარკოსნები - ლობიო და მუხუდო წარმოადგენენ. ადრე მარცვლოვანი კულტურებიდან მოჰყავდათ ისეთი ძირძველი კულტურა როგორიცაა სპელტა(ორთავა ხორბალი). XIX საუკუნის ბოლოს ტორფის ხავსიანი ჭაობის განაპირა ჭილიან მდელოებს მოსახლეობა იყენებდა ღომისა დაბრინჯის მოსაყვანად. დღეს ბრინჯი აღარ მოჰყავთ, ღომიც იშვიათობაა სამეგრელოში. ასევე მიივიწყეს ფეტვიც. ოდითგანვე ცნობილია სუნელ-სანელებლების მოყვანა პიტნა, ზაფრანა, ქონდარიდა სხვა. ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხარობდა ეკალღინჯები, ფოთლოვანი ხეებიდან წიფელი, მუხა, წაბლი, კოპიტი(იფანი) და ლაფნის ხეები. ამჟამად ამ მცენარეთა უმეტესობა გადაშენების პირასაა მისული გაჩეხვის გამო. რის შედეგადაც განვითარდა და გაბატონდა სწრაფადმზარდი მურყანის(თხმელა) მეორადი წარმოშობის ტყეები. ფოთში ეკოსისტემა ძირითადად ანტროპოგენულია და შეცვლილია ადამიანის ჩარევის გამო.
ქალაქში არსებული მწვანე საფარი ძირითადად წარმოდგენილია ქალაქის ცენტრალური პარკის, მალთაყვის ტყე-პარკის, გამწვანების ზოლების , სკვერების და ქუჩების გამწვანების სახით. გვხვდება სხვადასხვა სახეობის მერქნიანი, დეკორატიული, ბუჩქი და ნახევრად ბუჩქი მცენარეები. მაგალითად: ქალაქის ქუჩებში ვხვდებით ეგზოტიკურ პალმებს, ჭადრებს, ლუგუსტრინებსადა ქაფურის ხეებს. ნაბადასა და მალთაყვაში შემორჩენილია ფიჭვის კორომები. ქალაქის პირველი განაშენიანება - გამწვანება უკავშირდება რუსეთის არმიის გადამდგარი ოფიცრის ადამ კურკოვსკის სახელს, რომელიც XIX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ჩამოვიდა ფოთში. მან გადაწყვიტა აქ პომოლოგიური ინსტიტუტის გაშენება და ჩამოიყვანა ცნობილი გერმანელი ბოტანიკოსი რესლერი. 1873 წელს კურკოვსკიმ თხოვნით მიმართა კავკასიის მეფის ნაცვალს, გამოეყოთ მისთვის დახმარება 10000 მანეთის ოდენობით ინსტიტუტის დასაარსებლად. ამ დროისათვის კურკოვსკის ფოთში ჩამოტანილი ჰქონდა 1000-მდე სხვადასხვა სახეობის ხეხილი, ბოსტნეული, წიწვოვანი და დეკორატიული მცენარეები. მან 4 ჰექტარის ნაკვეთზე გააშენა ულამაზესი ბაღი, ე.წ. კურკოვსკის ბაღი (ახლანდელი საცდელი სადგურის ტერიტორია) სწორედ აქედან გადატანილი ნერგებით გაშენდა ცენტრალური ბაღი, რომელსაც შემდეგ კურირებდა კურკოვსკის მეუღლე ბრონისლავა სმიტი. ცნობილია რომ 80-იანი წლების დასაწყისში რესლერმა დატოვა ფოთი და გადავიდა ბათუმში. ქალაქის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე, ფოთიდან წაღებული ნერგებით გაუშენებია ბათუმის ბულვარი. კურკოვსკის მიერ დარგული რამდენიმე ძირი მაგნოლია, ჭაობის კვიპაროსი და ფიჭვი დღესაც დგას საცდელი სადგურისა და ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე. სხვა მცენარეებთან ერთად აქ დაირგო ციტრუსების უძვირფასესი ჯიშები. ამბობენ, ამ ბაღში მოკრეფილ ციტრუსის ნაყოფს ფოთის პოლიცმეისტერი აბაშიძე, საჩუქრად უგზავნიდა ქუთაისის გუბერნატორს.
ნაბადას მიმდებარე ტერიტორიაზე მცირედ შემორჩენილ სფაგნუმიან-ტორფიანი ჭაობები და პალიასტომის ტბა საუკეთესო დასასვენებელი ადგილია მობუდარი, მოზამთრე და მიგრირებადი ფრინველებისათვის. ეს ადგილი ანაკლია-ჭურიის ტორფიანი ჭაობებისა და მის განაპირა კოლხურ ტყეებთან ერთად წარმოადგენს საყვარელ და ერთადერთ საბუდარს "ფაზანელ-კოლხად" წოდებული კოლხური ხოხობისათვის. აქ მიგრირებს და იზამთრებს შემდეგი ფრინველები: თეთრკუდა არწივი, შავი ყარყატი, დიდი თეთრი ყანჩა, ხუჭუჭა ვარხვი, თეთრშუბლა ბატი, მყივანა გედი, გარეული იხვი. ოქტომბრის თვეში აქ სამხრეთისკენ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაძრულ მტაცებლებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. სხვადასხა სიმაღლეზე და სხვადასხვა სისწრაფით ლივლივებენ კაკაჩები, ძერები, კირკიტები, ძელქორები, თეთრკუდა და ბექობის არწივები. ზოგჯერ შესაძლებელია გადამფრენი შაკის თევზზე ნადირობის დანახვა. ხოლო ზღვის ნაპირთან ტალღების მოტანილი მოლუსკებისა და უხერხემლოების ძიებაში მაღალ ფეხებზე შემდგარი მექვიშიები დარბიან. მათ უკან კი ზღვაში სხვადასხვა სახეობის თოლიები დათევზიყლაპიები ნადირობენ. ზამთარში ჩრდილოეთიდან იხვების ,ბატებისა და გედების გუნდები მოფრინავენ. ვხვდებით ჩვამებს ,წყალზე მოლივლივე კოკონებსა და მელოტებს.
ძუძუმწოვრებიდან გავრცელებული სახეობაა ტურა, კავკასიური თხუნელა, გარეული ღორი(წითელ წინგშია შეტანილი), დელფინი აფალინა, და თეთრგვერდა დელფინი. პალიასტომის ტბამდიდარია თევზით განსაკუთრებით ფარგა და კეფალი. პალიასტომის ტბა ითვლება საქართველოში ფარგის გავრცელების ერთერთ მნიშვნელოვან წყასლატევად. კეფალი კი ზღვის თევზია პალიასტომში ის აღმოჩნდა პალიასტომის და შავი ზღვის დამაკავშირებელი არხის გაჭრის შემდეგ. განიცადა ადაპტაცია და შეეგუა პალისტომის ტბის საცხოვრებელ პირობებს. კოლხეთის დაბლობში გავრცელებული 88 სახეობის თევზიდან შავი ზღვის მობინადრეა 44. მტკნარი წყლის 21. ხოლო გამსვლელია 23. სხვა თევზებიდან აღსანიშნავია ხრტილოვანი თევზები -ატლანტიკური ზუთხი, სვია, ძვლოვანი თევზებიდან - შავი ზღვის ორაგული, სკუმბრია, ლობანი, ქარიყლაპია. ვერცხლისფერი ბრტყელშუბლა შეგუებულია როგორც მტკნარ ასევე მლაშე წყალში ბინადრობას. გაზაფხულზე ის ზღვიდან მდინარეში შედის სადაც იკვებება ლამიან ფსკერზე ნაპოვნი ორგანიზმებითა და წყალმცენარეებით. ხოლო ქვირითობისთვის ზღვას უბრუნდება. ახალგაზრდა მთელ წელს მტკნარ წყალში ატარებენ. პალისტომის ტბა შავი ზღვის აკვატორიასთან ერთად აფრიკა-ევრაზიის წყლისა და ჭაობის ფრინველთა მიგრაციის ერთერთი მნიშვნელოვანი რეგიონია. ტენიან ტყეებში და ჭაობებში, მდინარეებში ბუდობს და იზამთრებს 194 სახეობის ფრინველი, აქედან 76 მიმომფრენია, მობინადრეა 62 და 56 მოზამთრე. ამფიბიებიდან ყურადღებას იპყრობს ვასაკა, ტბორის ბაყაყი, ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი. ქვეწარმავლებიდან გავრცელებულია წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუ.

Комментариев нет:

Отправить комментарий