ფოთი — ქალაქი და ნავსადგური შავ ზღვაზე, საქართველოში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის შესართავში.
ფოთის ნავსადგური — საქართველოს პირველი ნავსადგური შავ ზღვაზე, მდინარე რიონის შესართავთან. შენდებოდა 1889-1905 წლებში ნიკო ნიკოლაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით.
რიონის შესართავთან ნავსადგურის მშენებლობის აუცილებლობაზე, ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში ამახვილებდნენ ყურადღებას. 1804 წელს კი ფოთის პორტის მშენებლობის შესახებ საუბარი ოფიციალურად დაიწყო. 1828-1829 წლებში სპეციალისტები რიონის შესართავთან არსებული მიდამოების გამოკვლევას შეუდგნენ. სამხედრო ინჟინერმა ჩადაევმა, შემდეგ კი გენერალ-მაიორმა პოტიემ შეადგინეს ფოთის ნავსადგურისა და შავიდან კასპიის ზღვამდე სამდინარო მიმოსვლის პირველი პროექტები. 1859 წლის 1 იანვრიდან ფოთი გამოცხადა საპორტო ქალაქად და იწყება სამუშაოები ნავსადგურის შიდა აუზის შესაქმნელად. ამ პერიოდში ფოთში იმყოფებოდა ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა (უფროსი), რომელმაც ეს ამბავი ასახა თავის ნაშრომში "კავკასია".
ფოთის ნავსადგური მთელი წლის განმავლობაში მუშაობს. ამჟამად ნავსადგურის მფლობელობაში არის ტვირთის ტრანსპორტირების კომპლექსი, ტვირთის ტრანსპორტირებისათვის საჭირო პირობები მორგებულია ყველანაირი ტვირთის და თხევადი პროდუქტის გადასაზიდად. ტვირთბრუნვა ფოთის პორტში მუდმივად იზრდება.
ფოთის პორტი უკავშირდება ილიჩევსკის (უკრაინა), ვარნის (ბულგარეთი) და კავკაზი (რუსეთი) პორტებს პირდაპირი საბორნე სარკინიგზო ხაზით და ნოვოროსიისკს (რუსეთი), ბურგასს (ბულგარეთი) და რიზეს (თურქეთი) პორტებს პირდაპირი საავტომობილო საბორნე გადასასვლელებით და უზრუნველყოფს დიდი მოცულობის ტვირთბრუნვას.
სწორედ ფოთში შემოდის სხვა ქვეყნებიდან ტვირთი, სწორედ ამიტომ შეიძლება ფოთს თავისუფლად ვუწოდოთ არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპა-აზიის საზღვაო კარიბჭე.
Комментариев нет:
Отправить комментарий