პირველი სანავიგაციო შენობა, რომელიც 1864 წელს ფოთში მეტალის კონსტრუქციებისაგან აიგო ფოთის შუქურა იყო. მანამ ყველა შუქურა რუსეთში ქვისა და ხის მასალისგან იგებოდა. ფოთის შუქურის გამოცდილებიდან გამომდინარე რუსი ინჟინრები დიდი ხნის განმავლობაში ამოწმებდნენ ასეთი სახით აგებულ შუქურათა უპირატესობას.
ფოთის ნავსადგური უძველესი დროიდან წარმოადგენდა მსხვილი ტვირთბრუნვის პუნქტს, რომელიც მწვავედ საჭიროებდა სანაპირო შუქურას, რომელიც უზრუნველყოფდა უსაფრთხო ნაოსნობისა და ხომალდების შემოსვლას ნავსადგურში.
თუჯის მრგვალი კონსტრუქციის შუქურის კოშკს გააჩნია 8 მეტრის სიღრმის ფუნდამენტი, რაც მას მტკიცე საძირკველს უქმნის. ის 30 მეტრის სიმაღლისაა და 126 ტონას იწონის.
იმ დროისათვის ფოთის შუქურის მშენებლობაში დაიხარჯა 16000 მანეთი.
მისი ექსპლუატაციის გამოცდილებამ უჩვენა ამ ერთი შეხედვით მსუბუქი კონსტრუქციის სრული გამძლეობა. დასავლეთის მხრიდან ვერანაირმა შტორმულმა ღელვამ ამ შენობაზე ათწლეულების განმავლობაში ვერანაირი ზემოქმედება ვერ მოახდინა. ინჟინრებმა დაკვირვების შედეგად გააკეთეს დასკვნები, რომ ის იყო მტკიცე და გამძლე შენობა, რომ მისი მშენებლობა განსაზღვრულ პირობებში უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ქვის მასალისგან აშენებული, რომ ის სეისმური თვალსაზრისითაც უფრო გამძლე გამოდგა, ვიდრე ქვისგან ნაშენი.
საჭიროების შემთხვევაში მისი გადატანა სხვა ადგილას ადვილია, რაც შეუძლებელია ქვის შენობის შემთხვევაში.
ყველა ეს პრაქტიკული დასკვნები ფართოდ იქნა გამოყენებული რუსეთის საზღვაო სანაპირო მშენებლობაში.
შავი ზღვის შუქურებს შორის ფოთის შუქურა თავისი სიმაღლით მეოთხე ადგილზე დგას.
კოშკი შეღებილ იქნა თეთრად. კოშკის მნათობს გაუკეთდა დამცავი ბადე, რომელიც მას ფრინველების შეღწევისგან იცავს.
კოშკის თავზე დაფიქსირებულია იმ დროისთვის საუკეთესო ფრანგული ტიპის აპარატი, რომელიც ყოველ წუთში ნათდება თეთრი და წითელი სხივებით.
შუქურა შეუსვენებლად ემსახურება ფოთის ნავსადგურს 1864წლიდან.
Комментариев нет:
Отправить комментарий